logo
ENG



"მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს" - სახალხო დამცველი პრეზიდენტთან მივიდა

12 ივლ 202116:46
3 წუთის საკითხავი
 
"მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს" - სახალხო დამცველი პრეზიდენტთან მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტთან შესახევდრად მივიდა. შესვლამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურს გაიგოს რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ამასთან, გაუზიაროს თავისი წუხილები და ესაუბროს ძალადობრივი ფაქტების მიმდინარე გამოძიებაზე. 

"მე, არაერთხელ მოვუწოდე შსს-ს დაიწყო გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს შექმნილ ვითარებაზე ზოგადად, რას ფიქრობს თავად. მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ისე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს", - თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში ათობით მოძალადე რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდა. 

მისი გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. 


close დახურვა